შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან

09.06.2021
რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება, სეპარატისტული რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, პანდემიის პირობებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარება  - ამ და სხვა თემაზე გაიმართა დისკუსია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შორის 2021 წლის 7 ივნისს. 

ვიზიტის ფარგლებში სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი ანიკა სოდერი და გაეროს წარმომადგენელი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ჯიჰან სულთანოღლუ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი, 53-ე რაუნდის მოსამზადებლად საქართველოს ხელისუფლების და სხვა ჯგუფების წარმომადგენლებს ხვდებიან, რათა მოისმინონ მოსაზრებები კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებზე. 

„დისკუსია მრავალ მწვავე საკითხს შეეხო. მათ შორის იმასაც, თუ როგორ შეიძლება უფრო უკეთესად გამოყენება იმ ინსტრუმენტებისა, რომლებიც გააჩნია საერთაშორისო თანამეგობრობას იმ კონკრეტული პრობლემების გადასაწყვეტად. პრობლემა კი მრავალია ამ მიმართულებით: ბორდერიზაციის თემა, განათლებისა და ენის ხელმისაწვდომობა და ბევრი სხვა.  მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეში იყოს სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით კი - სტუდენტებისა და აკადემიური წრეების მეტი ჩართულობა,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ

თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს  ეკატერინე ზარიძეს, ილია ნოზაძეს, გიორგი გამიაშვილს, მარიამ ავალიშვილს, მეგი ჯალაღონიას, მაკა ზურაშვილს, გიორგი ხუხიასა და დავით ხიმშიაშვილს შესაძლებლობა მიეცათ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანა-თავმჯდომარეებისთვის დაესვათ კითხვები და ჩართულიყვნენ დისკუსიაში, რომელიც შეეხებოდა არსებული პრობლემების განხილვასა და ამ პრობლემებზე გადაწყვეტის გზების ძიებას.  

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები განაგრძობენ შეხვედრას როგორც თბილისში, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან.
<< უკან დაბრუნება
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012