ისტორია


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი დაარსდა 2007 წელს ევროკავშირის EC/TACIS-ის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანადგომით.  

იმავე წელს პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების პროფესორებისა და ექსპერტების მონაწილეობით, კერძოდ, გრენობლის პიერ მენდესის საფრანგეთის უნივერსიტეტის, ასევე ათენის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ბერძნული უნივერსიტეტისა   და ავსტრიული  ინსბრუკის საჯარო რეფორმების ცენტრისგან შემდგარი კონსორციუმის ჩართულობით შემუშავდა სამხრეთ კავკასიაში პირველი ინტერდისციპლინური ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა ევროპისმცოდნეობაში.   პროგრამის შემუშავების დროს გათვალისწინებული იქნა როგორც აღნიშნულ სფეროში ევროპის მოწინავე უნივერსიტეტების საუკეთესო გამოცდილებები, ასევე ბოლონიის პროცესის სტანდარტები და მიღწევები. 

ინგლისურენოვანი მაგისტრატურა ევროპისმცოდნეობაში უნიკალურია იმდენად, რამდენადაც როგორც ინტერდისციპლინარული პროგრამა იგი კონცეპტუალურად ეფუძნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოთხ - ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიულ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ ფაკულტეტებს, რათა სტუდენტებმა შეძლონ  ყოვლისმომცველი განათლების მიღება ევროკავშირის შესახებ. სწორედ, ეს გახლდათ ევროკავშირის ამ უპრეცენდენტო პროექტის იდეა და მთავარი მიზანი, ხოლო მისმა წარმატებით განხორციელებამ ხელი შეუწყო იმას, რომ დაარსებისთანავე 2007 წელს ინსტიტუტმა მიიღო მაგისტრანტების პირველი ნაკადი. პირველი აკრედიტაცია სამაგისტრო პროგრამამ გაიარა 2011 წელს.

ევროკავშირის ძალისხმევამ, ინგლისურენოვანი  პროგრამის სტრუქტურამ და შინაარსმა, მოწვეულ პროფესორთა პროფესიონალიზმმა, ისევე როგორც კურსდამთავრებულთა  კვალიფიკაციის მაღალმა დონემ და მათი დასაქმების შედეგებმა დიდად განსაზღვრა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის, როგორც საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის წარმატებულობის ხარისხი.   

ინსტიტუტის მიერ მაგისტრატურის სტუდენტებისთვის შესასწავლი საგნების ფართო სპექტრია წარმოდგენილი, მათ შორის ევროკავშირის ეკონომიკა, ევროკავშირის ფინანსური და სავალუტო პოლიტიკა, ევროკავშირის სამართალი, კონკურენციის პოლიტიკა, ევროპეიზაცია და ევროინტეგრაციის თეორიები,  ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკა, თავისუფალი ვაჭრობა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. სტუდენტებს  ასევე აქვთ საშუალება გაეცნონ  საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ასპექტებს, მიიღონ სათანადო ცოდნა ევროპის და ევროკავშირის ისტორიისა და ევროპის კულტურული მოზაიკის გარკვეული ასპექტების შესახებ.  

ამასთან, სტუდენტებს უნიკალური საშუალება ეძლევათ დაესწრონ, მონაწილეობა მიიღონ და კითხვები დასვან  საქართველოს და უცხოეთის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობით ჩატარებულ კონფერენციებში, საჯარო ლექციებსა და  სემინარებში. ეს პრაქტიკა ინსტიტუტმა წარმატებით დანერგა და შესაძლებლობა გაუხსნა ბევრ ახალგაზრდას ამ პროცესში პრაქტიკულად ჩართულ პირებთან ერთად მიღებული თეორიული  ცოდნის   გაანალიზებისათვის.

დღიდან დაარსებისა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტმა ევროპულ აკადემიურ წრეებში ბევრი სტრატეგიული პარტნიორი შეიძინა,  რომელთან ერთად ხორციელდება მნიშვნელოვანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტები. ინსტიტუტი ასევე აგრძელებს ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოში ევროკავშირის წარმოადგენლობასთან,  საქართველოში აკრედიტირებულ უცხო ქვეყნების დიპლომატიურ მისიებთან და საქართველოს სახელისუფლებო თუ  არასამთავრობო სექტორთან. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია 2011 წლის 1 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც სხვა მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებთან ერთად ევროპული კვლევების ინსტიტუტის ექსპერტები ჩაერთნენ საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესში.   

 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012