სამაგისტრო პროგრამის შესახებ

თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამა ევროპისმცოდნეობაში არის ევროკავშირის TACIS–ის პროექტის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ევროპელი პროფესორებისა და ექსპერტების მონაწილეობით შექმნილი პროგრამა, რომელიც კონცეპტუალურად ეფუძნება თსუ–ს ოთხ ფაკულტეტს და შესაბამისად არის ინდერდისციპლინური, სრულად ინგლისურენოვანი და  მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში უნიკალური სამაგისტრო პროგრამა.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობებისა და ჩამოყალიბებული პრიორიტეტების გათვალისწინებით მეტად მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის სფეროში დახელოვნებული ძლიერი კადრების მომზადება და მათთვის, როგორც თეორიული ცოდნის მიწოდება, ასევე პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავებაც, რათა მაღალკვალიფიციური კადრების მომავალმა თაობამ თავად მოახდინოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობა და ამით ევროპული ღირებულებების საქართველოში უკეთ დანერგვას შეუწყოს ხელი. სწორედ, ამ მიზნების გათვალისწინებით არის შექმნილი თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ინგლისურენოვანი, ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამა ევროპისმცოდნეობაში, რომელიც თავის თავში აერთიანებს ბოლონიის პროცესში ჩართული წამყვანი ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილებას, რათა მიღწეულ იქნას მაღალი ხარისხის განათლების შეთავაზება ინსტიტუტის სტუდენტებისათვის.

გარდა იმისა, რომ ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლება სრულიად ინგლისურენოვანია და სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ამიერკავკასიაში უნიკალური და მუდმივად განახლებადი წიგნადი და ელექტრონული გამოცემების ფონდით, მათ ასევე ლექციებს უკითხავენ დარგის წამყვანი, როგორც ქართველი ასევე ევროპელი ექსპერტები, რაც სტუდენტებს აძლევს იშვიათ შესაძლებლობას დაეუფლონ ცოდნას პირველწყაროდან და განივითარონ ღრმა ანალიტიკური და პრაქტიკული უნარჩვევები.

საქართველოს განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ აკრედიტებული ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა აკრედიტაციის მოთხოვნების გათვალისწინებით ორიენტირებულია სტუდენტებისათვის უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს შესაბამისი საფეხურის აღმწერის სათანადო დონით გათვალისწინებული ზოგადი და დარგობრივი კომპენტენციების გამომუშავებაზე.

ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა შეიძინოს სიღმისეული ცოდნა ევროპისა და ევროკავშირის ინსტიტუტებისა და მათი ფუნციონირების უმთავრესი პრინციპების შესახებ. ევროპული კვლევების ინსტიტუტი ინტერდისციპლინური ხასიათიდან გამომდინარე აძლევს შესაძლებლობას სტუდენტებს, რომ მათ დააგროვონ ცოდნა ოთხი ძირითადი მიმართულებით: ევროკავშირის სამართალი, ევროკავშირის ეკონომიკა და მონეტარული პოლიტიკა, ევროინტეგრაციის ისტორია, ევროკავშირის მმართველობა და პოლიტიკის შემუშავების პროცესი.

ევროპული კვლევების ინსტიტუტი სთავაზობს სტუდენტებს არჩევითი საგნების საკმაოდ დიდ მრავალფეროვენებას, როგორც საკუთარი რესურსებიდან ასევე სხვა ფაკულტეტების მიერ გახსნილი კურსების შეთავაზებით. ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის სასწავლო კომპონენტები ისე არის შერჩეული, რომ სტუდენტებს უვითარდებათ სწავლების შემდგომ ეტაპზე (დოქტორანტურაში) საჭირო კვლევის უნარჩვევები.

ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა არის ორწლიანი ინგლისურენოვანი ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამა. ორი წლის განმავლობაში სტუდენტებმა უნდა დააგროვონ 120 კრედიტი 4 სემესტრზე გადანაწილებით. სტუდენტები საგნებს ეუფლებიან პირველი 3 სემესტრის განმავლობაში ხოლო მე–4 სემესტრი მთლიანად ეთმობა სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობას. სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შეთავაზებულია შემდეგი სალექციო კურსები:
 
•  მეთოდოლოგია
• ევროკავშირის სამართალი
• ევროკავშირის ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკა
• ევროპის ისტორია: XX საუკუნე, დეზინტეგრაციიდან ევროპულ ინტეგრაციამდე
• მმართველობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი ევროკავშირში
• ევროკავშირის როლი გლობალურ პოლიტიკაში
• სოციალური პოლიტიკა და მულტიკულტურული პროცესები ევროპაში
• ევროკავშირის განვითარება და მოსახლეობა
• ევროკავშირის კონკურენციის სამართალი
• აღმოსავლეთ ევროპის ევროპეიზაცია
• ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა და საგარეო ურთიერთობები
• ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკა და პირდაპირი ინვესტიციები საქართველოში
• ადამიანის უფლებათა ევროპული სამართალი
• საერთაშორისო საჯარო სამართალი
• სამართლის თეორია
• ევროპული ინტეგრაციის თეორიები
• ევროკავშირის როლი ეთნიკურ-პოლიტიკური კონფლიქტების მოგვარებაში. შედარებითი ანალიზი
• ევროპის კულტურული მოზაიკა
• ევროკავშირის ენერგეტიკული და სატრანსპორტო პოლიტიკა
• სტატისტიკა


ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების პროცესი მრავალეტაპიანია. კერძოდ, ჩაბარების მსურველებს მოეთხოვებათ ა) საერთო სამაგისტრო გამოცდებზე A, B ან C კატეგორიის ტესტის ჩაბარება და დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებში ჩართვა, რაც თავისთავში მოიცავს გამოცდებს – ბ) სპეციალობასა და გ) ინგლისურ ენაში. ამ ეტაპების წარმატებით გადალახვის შემდგომ ინიშნება დ) გასაუბრება ჟიურის წინაშე.

გამოცდა სპეციალობაში გულისხმობს ზოგადი ცოდნის ქონას ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების შესახებ.

ინგლისური ენის გამოცდაზე ცოდნის დონედ განსაზღვრულია B2 დონე, მაგრამ სტუდენტები თავისუფლდებიან გამოცდისაგან თუ წარმოადგენენ შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლს.

ბაკალავრის ხარისხის მქონე უცხოელ სტუდენტებს უფლება აქვთ ჩააბარონ ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების სრული დაცვით. (იხ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.mes.gov.ge/content.php?id=1128&lang=geo).

რადგანაც ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა არის ინტერდისციპლინური და ეფუძნება თსუ ოთხ ფაკულტეტს, დიპლომის გაცემა უნდა უზრუნველეყო ოთხივე ფაკულტეტს ერთად, მაგრამ დროის სწორი მენეჯმენტის გათვალისწინებით თსუ ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება  ევროპისმცოდნეობის მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის გაცემის უფლებამოსილება მიენიჭებინა ერთი ფაკულტეტისათვის. ასეთ ფაკულტეტად შერჩეულ იქნა თსუ  იურიდიული ფაკულტეტი.
 
სწავლის საფასური შეადგენს სემესტრულად 1 500 ლარს.

სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელია იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქეთევან ხუციშვილი.


 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012