ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტსა და საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრს შორის

08.05.2020
გილოცავთ ევროპის დღეებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის დაწყებიდან 11 წლის იუბილეს!

ქვემოთ იხილეთ ჩვენი პრეს-რელიზი.


ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტსა და საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრს შორის

ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, დღეს 8 მაისს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, ერთის მხრივ, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (შემდგომში წარმოდგენილი მისი სტრუქტურული ერთეულის - ევროპული კვლევების ინსტიტუტის სახით) და, მეორეს მხრივ, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს, ასევე, სსიპ – საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრს შორის.  მემორანდუმს ხელი საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა, სსიპ – საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტრომა – გიორგი ხელაშვილმა, თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ  და თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ნინო ლაპიაშვილმა მოაწერეს. 

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის, ასევე,  საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საჭიროებებიდან გამომდინარე აღნიშნული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გაფართოვდა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტსა და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს შორის 2011 წლის 1-ლ თებერვალს ხელმოწერილი მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის სფეროები. 

თანამშრომლობის მიზანია მხარეებმა, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ერთობლივი მიზანმიმართული საქმიანობა განახორციელონ ევროპასთან დაახლოების პროცესის ხელშეწყობის, ევროპული ღირებულებების გავრცელების, ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის, კანონშემოქმედებითი საქმიანობის გამჭვირვალეობისა და კარგი მმართველობის მიმართულებით, ასევე, სამართლებრივ დონეზე საჯაროობის პრინციპების განმტკიცებისა  და საკანონმდებლო პროცესში საზოგადოების ჩართულობის კუთხით.

მემორანდუმი ოთხი ძირითადი მიმართულებით თანამშრომლობის განხორციელებას ითვალისწინებს. ეს მიმართულებებია:
  • ასოცირების დღის  წესრიგის განხორციელების ხელშეწყობა
  • სამართლებრივი თანამშრომლობა და პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირთან დაახლოებაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში
  • თანამშრომლობის პროექტები და ანტი–დასავლური პროპაგანდის თავიდან ასაცილებლად მუშაობის გაძლიერება
  • სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის კომიტეტის საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა და მათი ჩართულობის გაზრდა
აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი და პარლამენტის კვლევითი ცენტრი დადგენილი წესის შესაბამისად, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს სხვადასხვა პრაქტიკულ პროექტში მონაწილეობის, ასევე, სტაჟირების შესაძლებლობასაც შესთავაზებენ.

<< უკან დაბრუნება
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012