ყურადღება! სტუდენტური კონკურსი!

21.05.2020
ყურადღება! 
სტუდენტური კონკურსი!

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი და თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი - თსუ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით და ევროკავშირის პროექტის “ევროკავშირი საქართველოსთვის” ფინანსური მხარდაჭერით აცხადებენ ესეების ონლაინ კონკურსს თსუ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისა და დოქტორანტებისთვის.

კონკურსი, ასევე, მოიცავს პრაქტიკული დავალების შესრულებას, კერძოდ, სტუდენტურმა გუნდებმა უნდა დაწერონ სამოქმედო გეგმა.

კონკურსი ტარდება ევროპის დღეებისა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 6 წლის იუბილის აღსანიშნავად მიმდინარე ონლაინ ღონისძიებების ფარგლებში.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის შედეგად მიღწეული დადებითი შედეგების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ამავე დროს, პროექტის მიზანია ახალგაზრდებში კოვიდ პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეფექტების შემსუბუქება და ამ მიზნით მათი ჩართვა საინტერესო პრაქტიკულ აქტივობებში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც თსუ ევროპისმცოდნეობის (EU Studies) სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, ასევე თსუ ნებისმიერი ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა 29 მაისამდე დარეგისტრირდეს 4 სტუდენტისგან შემდგარი გუნდი.

პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ონლაინ ლექციებს და ექსპერტთა დისკუსიებს. ამის შემდეგ თითოეულ გუნდს მიეცემა ორ კვირიანი ვადა (15 ივნისამდე) წარმოადგინოს მინიმუმ ერთი ესე (ნარკვევი) და დაწეროს სამოქმედო გეგმა.

ესეს ავტორი შეფასდება ინდივიდუალურად, თუმცა, ქულები დაემატება გუნდს. საუკეთესო სამოქმედო გეგმის წარმოდგენისთვის გამოვლინდება 4 გამარჯვებული გუნდი.

კონკურსის პირობის დასაკმაყოფილებლად გუნდმა სამოქმედო გეგმასთან ერთად უნდა წარმოადგინოს მინიმუმ ერთი ესეც. შესაძლებელია ერთმა გუნდმა ერთზე მეტი ესე წარმოადგინოს, თუმცა, გუნდს დაემატება მხოლოდ საუკეთესო ერთი ესეს ქულები.

ფულადი ჯილდო გადაეცემათ 4 გამარჯვებულ გუნდს (თითო გუნდს 500 ლარის ოდენობით), ასევე 10 საუკეთესო ესეს ავტორს (თითოეულს 120 ლარის ოდენობით). ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სერტიფიკატით. სამი საუკეთესო ესე აიტვირთება თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის www.ies.tsu.edu.ge ვებ-გვერდსა და ასოცირების შესახებ შეთანხმების ვებგვერდზე www.AA.ge

კონკურსში გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან 27 ივნისს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმების 6 წლის თავზე.

გუნდების რეგისტრაციის ბოლო ვადაა 29 მაისი. რეგისტრაციისთვსის გუნდმა უნდა გამოაგზავნოს მეილი შემდეგ მისამართზე helpdesk.ies@tsu.ge, რის შემდეგ გუნდს მიენიჭება რეგისტრაციის ნომერი.

მეილში მითითებული უნდა იქნას გუნდის ოთხივე წევრის სახელი და გვარი, ფაკულტეტი, პროგრამა, კურსი, საკონტაქტო მეილი და ტელეფონი. ასევე, ინგლისური ენის ფლობის შესახებ ინფორმაცია.

დარეგისტრირებულ გუნდებს გაეგზავნებათ ინფორმაცია ონლაინ ლექციების განრიგის შესახებ, და/ან მიეწოდებათ წინასწარ ჩაწერილი ვებინარების ბმულები.


ესეს წარმოდგენის პირობები

1. ესე (ნარკვევი) უნდა შესრულდეს საქართველო- ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობის, უპირატესობისა და ჩვენი ქვეყნის განვითარების კუთხით ევროინტეგრაციის პროცესის დადებითი ზეგავლენის შესახებ, მსგავსი ტიპის რომელიმე სპეციფიკური თემის გარშემო:

ა. ევროკავშირის დახმარება კოვიდ-19 პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად;
ბ. ევროკავშირის ინსტიტუტები და გადაწყვეტილების მიღების პროცესი; 

გ. დემოკრატიული მმართველობა; 

დ. განათლება და მობილობა; 

ე. ენერგეტიკა; 

ვ. გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება; 

ზ. სოფლის მეურნეობა; 

თ. ეკონომიკური განვითარება, თავისუფალი ვაჭრობა და მცირე და საშუალო ბიზნესის 
შესაძლებლობები; 

ი. სტრატეგიული კომუნიკაცია
კ. თავისუფალი გადაადგილება.

ესე უნდა მომზადდეს ქართულ ენაზე. 

ნამუშევრის მოცულობა უნდა შეადგენდეს 800-1500 სიტყვას 
.
მოკლე რეზიუმე უნდა მომზადდეს ინგლისურ ენაზე. 
მოკლე რეზიუმეს მოცულობა უნდა შეადგენდეს 150-250 სიტყვას.
ესე და მოკლე რეზიუმე უნდა მომზადდეს ელექტრონულ (MS Word ან PDF) ფორმატში.
 ნამუშევარი უნდა მომზადდეს Sylfaen-ის შრიფტით, რომლის ზომა უნდა შეადგენდეს 11- ს, ხოლო ინტერვალი სტრიქონებს შორის - 1.15-ს .

წარმოდგენილი ესე უნდა პასუხობდეს კონკურსის ძირითად თემას და ამავდროულად იყოს სპეციფიკური, გააჩნდეს გამართული სტრუქტურა, ასევე იყოს გასაგებად და მყარად არგუმენტირებული, ამასთან, ნაკლებად შეიცავდეს აღწერილობით ნაწილს. ასევე, მნიშვნელობა მიენიჭება ესეში მოყვანილ მკაფიო მოსაზრებებს, პირად შეხედულებებს, თემატური მაგალითების ჩართვას, ნაკლებად ცნობილი პერსპექტივიდან საკითხის წარმოჩენასა და თემის ორიგინალობას.
მნიშვნელოვანია გამოყენებული წყაროების მრავალფეროვნება და რელევანტურობა.

გამოგზავნისას წერილის სათაურის ველში უნდა მიუთითოთ: ‘ესეების კონკურსი’ და გუნდის ნომერი. 



სამოქმედო გეგმის წარმოდგენის პირობები

სამოქმედო გეგმა უნდა დაიწეროს შემდეგი თემის გარშემო:

დეზინფორმაცია და ყალბი ამბები COVID-19 პანდემიის დროს.
სამოქმედო გეგმა უნდა შედგებოდეს 6 გრაფისგან. სანამ გრაფას შეავსებდეთ უნდა განისაზღვროს მკაფიო კონტექსტი არაუმეტეს 500-700 სიტყვისა. კერძოდ, უნდა განსაზღვროთ პრობლემის აქტუალურობა და მისი მოგვარების საჭიროება დაასაბუთოთ.

1. პირველ გრაფაში ნათლად უნდა ჩამოაყალიბოთ დასახული მიზნები და მკაფიოდ აღწეროთ თითოეული მათგანი (6-12 მიზანი);
2. უნდა განსაზღვროთ მიზნის მისაღწევად საჭირო აქტივობების ნუსხა, რომლებიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ;
3. უნდა განსაზღვროთ პასუხისმგებელი პირები/უწყებები - დეტალურად უნდა ჩამოთვალოთ ის ინსტიტუტები / ორგანიზაციები/დაინტერესებული მხარეები/პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან მიზნის მისაღწევად საჭირო აქტივობის შესრულებაზე;
4. უნდა განსაზღვროთ გონივრული ვადები, რომლებიც მიუთითებენ, თუ როდის დასრულდება გეგმაში მითითებული აქტივობების შესრულების პროცესი;
5. უნდა განსაზღვროთ აქტივობების შესრულებისთვის საჭირო რესურსები;
6. უნდა მიუთითოთ ინდიკატორები/ზომები პროგრესის შეფასების მიზნით (ჩამოაყალიბეთ როგორ განხორციელდება მონიტორინგი და როგორ უნდა შეფასდეს პროგრესი, რა არის წარმატების კრიტერიუმები).

სამოქმედო გეგმა უნდა მომზადდეს ელექტრონულ (MS Word და PDF) ფორმატში. 
 წერილის სათაურის ველში უნდა მიუთითოთ: ‘სამოქმედო გეგმა’ და გუნდის ნომერი. 


კონკურსის მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი დამატებითი პირობებიც:
1. შედეგების გამოქვეყნებამდე თქვენი ნამუშევარი არ უნდა გამოქვეყნდეს არც ერთ მედიასა თუ სოციალურ ქსელში;

2. ნამუშევრის ელ-ფოსტაზე გამოგზავნით ადასტურებთ, რომ ნამუშევარი თქვენი შექმნილია და, შესაბამისად, თქვენ ფლობთ საავტორო უფლებებს; 

3. კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობით ორგანიზატორებს ანიჭებს უფლებას, საჭიროებისამებრ გამოიყენონ ნამუშევარი ვებ-გვერდზე, გამოფენაზე, პუბლიკაციასა და ნებისმიერ სხვა მასალაში (ავტორის მითითებით).

გამარჯვებულებს გამოავლენენ კონკურსის სპეციალური ჟიურის წევრები, რომლის შემადგენლობაში შევლენ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტისა და საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები.

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და მხარს უჭერს ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში. კონკურსი დაფინანსებულია ევროკავშირის პროექტის “ევროკავშირის საქართველოსთვის” ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება საქართველოს პარლამენტის ევრო-ინტეგრაციის კომიტეტსა და თსუ ევროპულ კვლევების ინსტიტუტს შორის 2011 წელს და 2020 წლებში (საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრთან ერთად) გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე.

პროექტის პარტნიორები არიან ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტი (AA Facility), საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი, კონრად ადენაუერის ფონდი, ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი, ასევე, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი.

#ევროპის დღე
#ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის
<< უკან დაბრუნება
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012