თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო და ჟან მონეს ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამები დაამტკიცა
11.04.2022
2022 წლის 11 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ორი საგანმანათლებლო პროგრამა - ევროკავშირის Erasmus+ პროექტის ფარგლებში შემუშავებული ჟან მონეს ევროპისმცოდნეობის ახალი საბაკალავრო პროგრამა და მოქმედი ინგლისურენოვანი ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა (Master’s in European Studies) რეაკრედიტაციის მიზნებისთვის ერთხმად დაამტკიცა. მოხარულები ვართ, რომ პროგრამების დამტკიცება დაემთხვა საქართველოსთვის ისტორიულ მოვლენას. სწორედ, დღეს საქართველოს ოფიციალურად გადაეცა ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი.
ახლად შემუშავებული ჟან მონეს ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა და ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაში განხორციელებული ცვლილებები თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ მხარდაჭერილ იქნა 2022 წლის 20 მარტს, ხოლო ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების მხარდამჭერი კომიტეტის მიერ დამტკიცდა 2022 წლის 27 მარტს. პროგრამებს თსუ იურიდიული ფაკულტეტის საბჭომ მხარი დაუჭირა 2022 წლის 8 აპრილს გამართულ სხდომაზე. პროგრამების საუნივერსიტეტო დონეზე დამტკიცების საბოლოო ეტაპი წარმატებულად დასრულდა თსუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.
ვულოცავთ თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის თითოეულ თანამშრომელს, პროგრამების განახლება-შემუშავებაში ჩართულ ყველა დაინტერესებულ პირს და სრულიად უნივერსიტეტს!