ტრანს-ატლანტიკური ფორუმი


საჯარო ლექციები და ტრანს–ატლანტიკური ფორუმი

თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი ორიენტირებულია სტუდენტებისათვის როგორც ხარისხიანი თეორიული განათლების მიცემაზე,  ასევე მათთვის პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავებაზეც, რაც კონკრეტულად გამოიხატება საჯარო ლექციების, სემინარებისა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებაში უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების, დარგის აღიარებული სპეციალისტების, დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლებისა და საკვანძო სტრუქტურების შესაბამის თანამდებობის პირთა მონაწილეობით.

ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ინსტიტუტში ჩატარებული საჯარო ლექციები მიზნად ისახავს ინსტიტუტის და მთლიანად უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისთვის და ყველა დაინტერესებული პირებისთვის შესაძლებლობის მიცემას, რომ მეტი ინფორმაცია მიიღონ და უშუალოდ ჩაერთონ დისკუსიაში ევროკავშირის გარშემო მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამართლებრივი პროცესების, მათ შორის აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის გარშემო განვითარებული მიმართულებების შესახებ.

ამასთანავე, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ცალსახად მნიშვნელოვანია აშშ-ევროკავშირის ორმხრივი ურთიერთობებისა და ამ კონტექსტში საქართველოს ნიშისა თუ თანამშრომლობის ასპექტების სათანადოდ წარმოჩენაც. სწორედ, ამ მიზნით შეიქმნა ინსტიტუტში ტრანს-ატლანტიკური ფორუმი, რომელიც კიდევ ერთი მექანიზმია უკეთესად გავერკვიოთ  საერთაშორისო თანამეგობრობის საერთო მიზნებში, მივიღოთ მეტი ინფორმაცია არსებული გამოწვევების შესახებ და გავიაზროთ საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის პერსპექტივები.

ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საჯარო ლექციების შესახებ არსებული  ყველა ინფორმაცია ქვეყნდება როგორც ჩვენს, ასევე უშუალოდ თსუ-ს ვებგვერდზეც. დეტალები ასევე ვრცელდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. თუ გსურთ, თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი ჩვენს სიას დავამატოთ,  დაგვიკავშირდით. 

 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012