ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი “საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და თსუ-ის ეგიდით ორგანიზებული კონკურსი ახალგაზრდებისთვის"
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ეგიდითა და ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირი საქართველოსთვის 2“ ფინანსური მხარდაჭერით თსუ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისა და დოქტორანტებისთვის 2020 წლის მაისი-ივნისის თვეებში განახორციელა პროექტი
“საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ეგიდით ორგანიზებული კონკურსი ახალგაზრდებისთვის".
კონკურსი ჩატარდა ევროპის დღეებისა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 6 წლის იუბილის აღსანიშნავად მიმდინარე ონლაინ ღონისძიებების ფარგლებში და მიზნად ისახავდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის შედეგად მიღწეული დადებითი შედეგების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და, ამავდროულად, ახალგაზრდებში კოვიდ პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეფექტების შემსუბუქებას.
კონკურსის გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცათ სიმბოლური ფულადი პრიზები, საუკეთესო ესეები გამოქვეყნდა ინსტიტუტის ვებ-გვერდზე და, ამასთან, კონკურსის მონაწილე თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ყველა სტუდენტისთვის აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა ჩაითვალა პრაქტიკულ კომპონენტში (სტაჟირებაში), რომელიც შესაძლებელი გახდა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტსა და საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრს შორის 2020 წლის 8 მაისს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.
პროექტის შედეგების სანახავად, გთხოვთ, გაეცნოთ ბიულეტენს.