II საერთაშორისო კონფერენცია

დონორის შესახებ ინფორმაცია

ევროკავშირის ერასმუს+ ჟან მონეს პროექტის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტს მიენიჭა გრანტი შემდეგი პროექტის განსახორციელებლად -  "ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური საბაკალავრო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში" /ʹEUStBAʹ



ღონისძიების შეჯამება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტმა 2022 წლის 14-15 ივნისს ევროკავშირის ერასმუს+ ჟან მონეს/Jean Monnet პროექტის „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური საბაკალავრო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ (EUSTBA) მეორე ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენცია ეძღვნებოდა ევროპისმცოდნეობის სწავლისა და სწავლების მეთოდებს, რომელიც დაფუძნებული იყო ამავე თემაზე თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ეთერ ღვინერიას მიერ  პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ვორქშოპზე.  

კონფერენცია გაიხსნა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის და ერასმუს+ პროექტის კოორდინატორის ნინო ლაპიაშვილის მისასალმებელი სიტყვით, რის შემდეგ კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინა პროექტის იმპლემენტაციის პროგრესი და შედეგების სინერგია ინსტიტუტის აქტივობებთან, მათ შორის, თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითების ჭრილში. ერთ-ერთი ასეთი გამოცდილების გაზიარება იყო, სწორედ, კონფერენციის ფარგლებში ლატვიის ვიძემეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის შემუშავების ეტაპების განხილვა, პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია და თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე უნივერსიტეტების რექტორების მიერ საზეიმო ხელმოწერის ღონისძიების კონფერენციის გახსნის ნაწილში ინტეგრირება. 

საერთაშორისო კონფერენციის მთავარი მომხსენებელი გახლდათ სოუთჰემპტონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საერთაშორისო პოლიტიკაში და პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების უმაღლესი განათლების აკადემიის წამყვანი მკვლევარი კამილ ზვოლსკი. ლატვიის ვიძემეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის საუკეთესო გამოცდილება კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარა ამავე უნივერსიტეტის კომუნიკაციის, საინფორმაციო სწავლებისა და მმართველობის სკოლის დირექტორმა მარა არაიამ.

კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგნენ და საკუთარ სასწავლო კურსებში დანერგილი სწავლებისა და სწავლის მეთოდებზე ისაუბრეს თსუ ევროპული კვლევების ინსიტუტის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განხორციელებაში ჩართულმა აკადემიურმა პერსონალმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის პროფესორებმა, ხარისხის მართვის სამსახურის წარმოამდგენლებმა. საკონფერენციო მოხსენებები ჟან მონეს საერთაშორისო პუბლიკაციების ეგიდით სპეციალური საიუბილეო ნომრის სახით გამოიცემა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის პერიოდულ ორენოვან სამეცნიერო გამოცემაში. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში სწავლა-სწავლების მეთოდებზე ჩატარებული ვორქშოპი და კონფერენცია მიმართული იყო, სწორედ, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის აკადემიური პერსონალის მიერ ერთმანეთისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისკენ. გათვალისწინებული იქნა ინსტიტუტის ინტერდისცპლინურ გარემოში არსებული გამოწვევები, გაანალიზდა უწყვეტი თვითგანვითარების საჭიროების კონტექსტი და არსებული დინამიკა. 

კითხვა-პასუხების სესიის შემდეგ ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია ევროპისმცოდნეობის სწავლა-სწავლების მეთოდებში ოფიციალურად დაიხურა კონფერენციის შეჯამებითა და მომდევნო სამუშაო შეხვედრების დაგეგმვით. 



კონფერენციის დღის წესრიგი და კონფერენციის ქავერები.

კონფერენციის პრეს-რელიზი.

თსუ-ის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია.

 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012