V სამუშაო შეხვედრა
დონორის შესახებ ინფორმაცია
ევროკავშირის ერასმუს+ ჟან მონეს პროექტის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტს მიენიჭა გრანტი შემდეგი პროექტის განსახორციელებლად - "ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური საბაკალავრო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში" /ʹEUStBAʹ
ღონისძიების შეჯამება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტმა 2022 წლის 9-10 მაისს ევროკავშირის ერასმუს+ ჟან მონეს/Jean Monnet პროექტის „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური საბაკალავრო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ (EUSTBA) მეხუთე ორ დღიან სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის პროგრესი და შუალედური შედეგები. კერძოდ, აღინიშნა, რომ ჟან მონეს ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამამ და ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამამ საუნივერსიტეტო დონეზე შემუშავებისა და დამტკიცის რამდენიმე საფეხურიანი ეტაპი წარმატებით გაიარა და 2022 წლის 28 აპრილს სამაგისტრო პროგრამა, ხოლო 5 მაისს საბაკალავრო პროგრამა გადაიგზავნა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში სააკრედიტაციო პროცედურების ოფიციალურად დასაწყებად.
შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ახლად შემუშავებული ჟან მონეს ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა და ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაში განხორციელებული ცვლილებები პირველ ეტაპზე თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ იქნა მხარდაჭერილი 2022 წლის 20 მარტის სხდომაზე, რის შემდეგაც განსახილველად გადაეცა ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების მხარდამჭერ კომიტეტს. კომიტეტმა პროგრამები 2022 წლის 27 მარტს განიხილა და მხარი დაუჭირა მათ გადაგზავნას თსუ იურიდიული ფაკულტეტის საბჭოზე დასამტკიცებლად. 2022 წლის 8 აპრილის სხდომაზე თსუ იურიდიული ფაკულტეტის საბჭომ წარდგენილი პროგრამები ერთხმად დაამტკიცა. პროგრამების სააკრედიტაციოდ გაგზავნამდე მათი დამტკიცების საბოლოო ეტაპი იყო თსუ-ის აკადემიური საბჭოს სხდომა, რომელიც წარმატებით დასრულდა თსუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ 2022 წლის 11 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით.
შუალედური შედეგების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, ასევე, იყო ვილნიუსის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან თანამშრომლობით ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია, რომელშიც პროექტის მონაწილეების გარდა ვილნიუსის უნივერსიტეტის დელეგაცია, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, თსუ-ის რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი და სტუდენტებიც იღებდნენ მონაწილეობას. თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტისა და ვილნიუსის უნივერსიტეტის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა წარმოადგენს რეაკრედიტაციისთვის წარდგენილი ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის განუყოფელ ნაწილს და 2022-2023 სასწავლო წლიდან მიიღებს სტუდენტებს. ხოლო, რადგან საბაკალავრო პროგრამის შემუშავება-აკრედიტაცია დროში დაემთხვა სამაგისტრო პროგრამის სავალდებულო რეაკრედიტაციას და, ფაქტობრივად, ერთიან კონტექსტში მოხდა ორივე პროგრამის სააკრედიტაციოდ მომზადება, შესაბამისად, ორმაგი ხარისხის პროგრამის დაარსება ერასმუს+ ჟან მონეს პროექტის ერთ-ერთ საუკეთესო სინერგიულ შედეგად მიიჩნევა პროექტში ჩართული მხარეების მიერ.
სამუშაო შეხვედრების დასკვნით ნაწილზე პროექტის მონაწილეებთან ერთად დაიგეგმა მორიგი საერთაშორისო კონფერენცია, განხილულ იქნა პუბლიკაციის მომზადებისთვის მნიშვნელოვანი დეტალები და შესაბამისად გაანალიზდა ამ დრომდე მიღწეული პროგრესი.
ორ დღიანი სამუშაო შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა. პირველ დღეს ღონისძიება გაიმართა თსუ-ის პირველი აკადემიური კორპუსის მუზეუმსა და 107-ე აუდიტორიაში, ხოლო, მეორე დღეს გაგრძელდა ონლაინ Zoom აპლიკაციის გამოყენებით.
პრეს-რელიზი და დღის წესრიგი, V სამუშაო შეხვედრის ქავერები.
თსუ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია.