I სამუშაო შეხვედრა

დონორის შესახებ ინფორმაცია

ევროკავშირის ერასმუს+ ჟან მონეს პროექტის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტს მიენიჭა გრანტი შემდეგი პროექტის განსახორციელებლად -  "ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური საბაკალავრო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში" /ʹEUStBAʹ



ღონისძიების შეჯამება

2021 წლის 12 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით  ევროკავშირის ჟან მონეს პროექტის „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური საბაკალავრო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ფარგლებში პირველი სამუშაო ფაზის პირველი შეხვედრა გაიმართა. 

სამუშაო შეხვედრა დისტანციურად, Zoom პლატფორმის საშუალებით ჩატარდა და თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ადმინისტრაციასთან ერთად მასში მონაწილეობა მიიღეს იურიდიული ფაკულტეტის, ხარისხის მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის აკადემიურმა პერსონალმა და დაინტერესებულმა მხარეებმა.

სამუშაო შეხვედრა სამ სესიად წარიმართა. პირველ სესიაზე თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა  ნინო ლაპიაშვილმა ისაუბრა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტისა და ზოგადად უნივერსიტეტისთვის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის იმპლემენტაციის მნიშვნელობასა და ჟან მონეს პროექტის დაგეგმილ აქტივობებზე. პროგრამის მნიშვნელობასა და სპეციალისტების მომზადების როლზე, ასევე, გაამახვილეს ყურადღება ინსტიტუტის აკადემიურმა პერსონალმა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ  ბ-მა დემეტრე ეგნატაშვილმა. დაინტერესებული მხარების წარმომადგენლებმა -  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკის ანალიზის დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატის წარმომადგენელმა და ვაჭრობის საერთაშორისო პალატის ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელმა მდივანმა, - მათი ორგანიზაციების სამუშაოს სპეციფიკისა და თანამშრომლობის გაძლიერების ჭრილში, - ასევე, ისაუბრეს პროგრამის აქტუალურობაზე.  
 
შეხვედრის მეორე სესია დაეთმო თსუ-ის ხარისხის მართვის სამსახურის ცენტრალური დეპარტამენტისა და ფაკულტეტების წარმომადგენლების მხრიდან რეკომენდაციებსა და რჩევებს პროგრამის აკრედიტაციის პროცესისთვის საჭირო რიგ საკითხებზე. ხოლო შეხვედრის მესამე სესიაზე ინსტიტუტის აკადემიურმა პერსონალმა წარადგინა მათ მიერ მომზადებული სასწავლო კურსების სილაბუსების სამუშაო ვერსიები და იმსჯელეს ახალი და თემატური კურსების შეთავაზების შესაძლებლობაზე. 

ჟან მონეს პროექტის ფარგლებში საბაკალავრო პროგრამის იმპლემენტაციის მიზნით სამუშაო შეხვედრები ეტაპობრივად გაგრძელდება. 

შეხვედრის განრიგი.


შეხვედრის შესახებ ინფორმაცია, ასევე, გამოქვეყნებულია თსუ-ის ვებ-გვერდზე.
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012