IV საერთაშორისო კონფერენცია
დონორის შესახებ ინფორმაცია
ევროკავშირის ერასმუს+ ჟან მონეს პროექტის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტს მიენიჭა გრანტი შემდეგი პროექტის განსახორციელებლად - "ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური საბაკალავრო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში" /ʹEUStBAʹ
ღონისძიების შეჯამება
2022 წლის 28 და 29 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროკავშირის ერასმუს+ ჟან მონეს პროექტის “ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში” (EUStBA) ფარგლებში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია პროექტის დასკვნით ღონისძიებას წარმოადგენდა, რომელიც მიზნად ისახავდა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად პროექტის შედეგების შეჯამებას.
საერთაშორისო კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა და მიმდინარეობდა როგორც თსუ-ის პირველ აკადემიურ კორპუსში, ასევე, პარალელურად ონლაინ-zoom პლათფორმის მეშვეობით. ღონისძიება გაიხსნა თსუ-ის რექტორის მოადგილის
ქ-ნი ნინო ოკრიბელაშვილის მისალმებით, სადაც მან მიულოცა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის გუნდს ევროპისმცოდნეობის ახალი საბაკალავრო პროგრამის, ასევე, ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამების დააარსება და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების კონტექსტში განსაკუთრებულად აღსანიშნავი მოვლენაა თსუ-ში ევროპისმცოდნეობის დარგის სამივე საფეხურზე სწავლების შესაძლებლობის დანერგვა.
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა
ნინო ლაპიაშვილმა შეაჯამა გასული ორი წლის მანძილზე ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის შემუშავებისა და აკრედიტაციისთვის გატარებული ღონისძიებები, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევის პუბლიკაციაზე, ლიეტუვის ვილნიუსის უნივერსიტეტთან და ლატვიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან ორმაგის ხარისხის სამაგისტრო პროგრამების მოლაპარაკებებისა და წარმატებული ოპერაციონალიზაციის პროცესი, ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის განახლებისა და საერთაშორისო ექსპერტების მიერ ინსტიტუტის სამივე საფეხურის პროგრამების შეფასებისთვის გადადგმული ნაბიჯები. მან აღნიშნა, რომ მის მიერ შემუშავებული გრძელვადიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2011 წელს ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის პირველი აკრედიტაციიდან დღემდე დინამიურად მიმდინარეობდა ევროპისმცოდნეობის კათედრის ფორმირება, რაც დაგვირგვინდა 2022 წელს ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის დაარსებით. მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევები რჩება და ინსტიტუტს ჯერ ისევ არ ჰყავს ევროპისმცოდნეობის მიმართულების აფილირებული აკადემიური პერსონალი, დღეისთვის მიღწეული შედეგები ამ მიმართულებით ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ეს უზრუნველყოფს ინსტიტუტის ფინანსურ მდგრადობას და ხელს შეუწყობს კვლევითი საქმიანობის ინტენსიფიკაციას.
ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელებმა პროფესორმა
დანიელა ურსემ და პროფესორმა
ნათია ლაპიაშვილმა ხაზი გაუსვეს ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის დაარსებისთვის გაწეულ დიდ ძალისხმევას, კათედრის საბოლოო სახით ფორმირებას და ამ ფაქტის ისტორიულ მნიშვნელობას. პროფესორმა ნათია ლაპიაშვილმა აღნიშნა, რომ როცა 2011 წელს ვიცე-რექტორმა აკადემიკოსმა ლევან ალექსიძემ მას შესთავაზა,რომ ინსტიტუტს დახმარებოდა მისი გამოცდილების გასაზიარებლად, რომელიც დააგროვა შვეიცარიის ბაზელისა და ჟენევის, ლატვიის რიგის უნივერსიტეტებში, ასევე, როგორც ბრიტანეთში პრაქტიკოსმა იურისტმა და სოლისიტორმა, მაშინ რთულ წარმოსადგენი იყო, რომ ასეთი რთული და გამოწვევებით სავსე გზის გავლა მოუწევდა ინსტიტუტის გუნდთან ერთად. ამდენად, დღევანდელი დღე მისთვის განსაკუთებით საამაყოა.
თსუ ევროპული კვლევების დირექტორმა მადლობა გადაუხადა პროგრამების შემუშავება-აკრედიტაციაში და პროექტის წარმატებულ იმპლემენტაციაში ჩართულ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, პროგრამების თანა-ხელმძღვანელებს, პროფესორ დანიელა ურსეს, პროფესრო ნათია ლაპიაშვილს, პროფესორ ვასილ კაჭარავას და პროფესორ თამაზ ზუბიაშვილს.
დასკვნითი ღონისძიების მონაწილეებს მიმართა თსუ ცენტრალური ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ქ-მა ნინო ქიმერიძემ და განიხილა ხარისხის მართვის სამსახურის მნიშვნელოვანი როლი პროგრამების აკრედიტაციაში. მან ხაზი გაუსვა, რომ თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების მთელი სააკრედიტაციო პროცესი განსაკუთრებით კარგად და ლოგიკურად იყო დაგეგმილი, ხოლო ცალკე აღნიშვნას საჭიროებდა ყველა დაინტერესებული პირების მაქსიმალური ჩართულობა, საშუალოვადიანი მიზნების შესრულების ყველა ეტაპზე ანგარიშვალდებულების მიმართულებით გამოვლენილი პრაქტიკა და სანიმუშო გამჭვირვალეობა. ინსტიტუტის დირექტორმა გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა თსუ ცენტრალურ ხარისხის სამსახურს, ასევე, ოთხი ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის წარმომადგენლებს ქ-ნ ია ნაცვლიშვილს, ქ-ნ დარეჯან გარდავაძეს, ქ-ნ მარეხ დევიძეს და ბ-ნ გიორგი მახარობლიშვილს.
ღონისძიების განმავლობაში პროექტის იმპლემენტაციის ყველა შედეგი დეტალურად განიხილა და შეაჯამა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა, საბაკალავრო და ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამების დამფუძნებელმა
ნინო ლაპიაშვილმა, ხოლო სამივე საფეხურის პროგრამების გარე შეფასების შედეგების პრეზენტაციისთვის სიტყვა გადასცა ბელფასტის ქუინსის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორს
მარეკ მარტინიშინს, პოლონეთის კოლეგიუმ ცივიტას პროფესორს, ევროპის კოლეჯის მოწვეული პროფესორს
ქერი ენნ ლონგჰარსტს, ლატვიის ვიდძემეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, პროფესორს
აგნეს დევიდსონესა და ბრიტანეთის სოუთჰემპტონის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ჟან მონეს სტიპენდიის (Jean Monnet Chair) მფლობელს
კამილ ზვოლსკის.
ექსპერტებმა მიულოცეს ინსტიტუტს საეტაპო წარმატება და ერთხმად აღნიშნეს, რომ პროგრამებში კარგად ჩანს ევროპისმცოდნეობის დარგის ყოვლისმომცველი და კომპლექსურად გაანალიზების შედეგები; მათ აღნიშნეს, რომ შეთავაზებული საგნების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის მსგავსი ყოვლისმომცველი პროგრამები ევროკავშირის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც კი იშვიათად მოიპოვება და ამ მხრივ თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი ნამდვილად გამორჩეულია, ხოლო ინტერდისციპლინურობა გამოხატულია ღრმად გააზრებულ შინაარსში და არა უბრალოდ სიტყვებში.
კონფერენციის პირველი დღის დასკვნითი ნაწილი დაეთმო ევროპისმცოდნეობის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამების (ვიდძემეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან (ლატვია) თანამშრომლობით ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა ევროპისმცოდნეობაში, სტრატეგიულ კომუნიკაციასა და მმართველობაში; ვილნიუსის უნივერსიტეტთან (ლიეტუვა) თანამშრომლობით ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა ევროპისმცოდნეობასა და ევროკავშირის სამართალში)
პირველი ნაკადის სტუდენტების - თათია ნოზაძის, მარიამ ჯუღელის, მუსტაფა გოჯიაევის, ალექსანდრე ბაჟაშვილისა და
გიორგი კილაძის მისალმებას. ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის პირველი ნაკადის სტუდენტების ჩართვა ლიეტუვიდან და ლატვიიდან განხორციელდა. სტუდენტებს შესაძლებლობა ქონდათ, რომ გაეზიარებინათ მათი შთაბეჭდილებები და გამოცდილებები, რაც ორმაგი ხარისხის პროგრამაში ჩართვის შემდგომ ვიზტის პირველ თვეებში დააგროვეს.
ღონისძიების პირველი დღე დაიხურა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის
ნინო ლაპიაშვილის მიერ სიახლეების დაანონსებით. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო, რომ საბაკალავრო დონეზე ორმაგი ხარისხის პროგრამის მოლაპარაკებები რამდენიმე უნივერსიტეტთან მიმდინარეობას, ხოლო ამ ეტაპზე უკვე დასრულების ფაზაში გადავიდა სასწავლო გეგმის განხილვა საბერძნეთის ათენის ევროპული სამართლისა და მმართველობის სკოლასთან. ამ კონტექსტში თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დიქრექტორმა ნინო ლაპიაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა უნივერსიტის ყოფილ რექტორს
ბატონ გია შარვაშიძეს ათენის ევროპული სამართლისა და მმართველობის სკოლასთან თანამშრომლობის ინიციატივის ინსტიტუტისთვის შეთავაზებისა და კონკრეტულ სფეროებში კოლაბორაციის განხილვის დაწყების პროცესის ხელშეწყობისთვის, ასევე, ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამების მოლაპარაკებების წარმატებულად დასრულებაში შეტანილი წვლილისა და განვლილ წლებში ინსტიტუტის ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერისთვის. ამის შემდეგ დამსწრეებს სიტყვით მიმართა ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა
ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა და თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, ხოლო ათენიდან ჩაერთო
სკოლის გენერალური დირექტორი პანორაია სპილიოპულო და ინსტიტუტთან მოლაპარაკების პროგრესსა და ორმაგი ხარისხის საბაკალავრო პროგრამის სწრაფ ვადებში დანერგვის შესახებ ისაუბრა.
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ისაუბრა, რომ რადგან პარალალურად რამდენიმე მაღალ-რეიტინგულ ევროპულ უნივერსიტეტთან მიმდინარეობს ბაკალავრიატის დონეზე ორმაგი ხარისხის პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები, სიახლეებს ეტაპოვრივად გააცნობს დაინტერესებულ მხარეებს. ასევე, დამსწრე საზოგადოებას აცნობა, რომ სამუშაო ვიზიტით ინსტიტუტში იმყოფება ყაზახეთის ალმატის მენეჯმენტის უნივერსიტეტში ახლად შექმნილი ევროპული ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც ინსტიტუტს გამოცდილების გაზიარების მიზნით ეწვია. ცენტრის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ყაზახეთისთვის პრიორიტეტულია ევროკავშირთან, როგორც ეკონომიკურ გაერთიანებასთან ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობა, ხოლო იქედან გამომდინარე, რომ ყაზახური ბიზნესებისთვის აუცილებელია ევროკავშირის სამართლის, როგორც ეკონომიკური გაერთიანების ურთულესი ეკონომიკური სამართლის შესახებ ცოდნა, მათ მიზანშეწონილად მიიჩნიეს თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის გამოცდილების შესწავლა, რომელსაც მთელი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ქვეყნებში ევროპისმცოდნეობის დარგის განვითარების მხრივ მოწინავე ადგილი უჭირავს.
კონფერენციის მეორე დღე ტრანსვერსალური უნარ-ჩვევების განვითარებისადმი მიძღვნილი სესიით გაიხსნა. ინსტიტუტის დირექტორმა ნინო ლაპიაშვილმა აღნიშნა, რომ ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა დასაქმებადობის ასპროცენტიანი მაჩვენების შენარჩუნებისათვის მუდმივად საჭიროა ეფექტური ნაბიჯების გადადგმა და ამ კონტექსტში განიხილა როგორც ინსტიტუტის საქმიანობა, ასევე, კონფერენციის ამ ნაწილის მნიშვნელობა. მესამე სესიას უძღვებოდა ლატვიის ვიდძემეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი
აგნეს დევიდსონე. მან სამაგისტრო დონეზე კომუნიკაციის სწავლების პროცესში დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე განიხილა საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილებები. შეხვედრა გაგრძელდა ევროპული კვლევების ინსტიტუტში პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერების თემატიკით საერთაშორისო სავაჭრო პალატის აღამსრულებელი მდივნის
ხატია ბუხრაშვილის და
ანანო ეჯიბიას, ასევე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური სექტორის კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელის
თამილა შაბაშვილის მოხსენებებით. კერძოდ, მათ, როგორც სტაჟირების განმახორციელებელმა სუბიექტებმა დეტალურად გააცნეს სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას სტაჟირებისთვის საგანგებოდ შემუშავებული სილაბუსები, მიზნები, კომპონენტები და პრაქტიკული კომპონენტის შეფასების კრიტერიუმები.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში პროექტის საერთაშორისო ექსპერტმა
ქერი ენნ ლონგჰარსტმა ისაუბრა ევროკავშირის ერასმუს+ ჟან მონეს ახალი მოდულის „DEBUE/დებატი ევროპაზე: ევროპული ინტეგრაციის დინამიკა“ შესახებ და თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის, როგორც პროექტში ჩართული პარტნიორის როლზე.
ინსტიტუტის სამომავლო პერსპექტივების განხილვა მოჰყვა დირექტორის მიერ ინსტიტუტის სამოქმედო გეგმის წარდგენას. სტუდენტებმა მოიწონეს საერთაშორისო ექსპერტების მიერ წამოყენებული ინიციატივა, კურსდამთავრებულთა ორგანიზაციის შექმნის შესახებ, ხოლო მსჯელობის შემდეგ გადაწყდა ამ ამოცანის სტრატეგიულ გეგმაში ინტეგრირება.
კითხვა-პასუხების სესიისა და პროექტის წარმატებული იმპლემენტაციის შესახებ შემაჯამებელი კომენტარების შემდეგ ევროკავშირის Erasmus+ ჟან მონეს პროექტის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია ოფიციალურად დაიხურა.
თსუ-ის ვებ-გვერდზე განთავსებული ანონსი და ინფორმაცია.